ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ბაბუნაშვილი: მეზვრიშვილი ე.წ. ნარუშილოვკის წარდგენის შემდეგ გავუშვი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნათია მეზვრიშვილი ე.წ. ნარუშილოვკის ჩვენების შემდეგ გავუშვი - ამის შესახებ ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა რუსთავი 2-ში გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ბაბუნაშვილის თქმით, ავტომობილის გაჩერების შემდეგ პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა მას მართვის მოწმობის ნაცვლად ე.წ. ნარუშილოვკა წარუდგინა, რის შემდეგაც მან ის შეუმოწმებლად გაუშვა.

"ჩემ მიერ იმ ავტომობილის გაჩერების მიზეზი იყო დაბურული მინები. იმის შემოწმების მიზნით გავაჩერე ის მანქანა, რომ გადამემოწმებინა, რამდენად ჰქონდა უფლება, რომ დაბურული მინებით ევლო. რომ მივედი, თავი წარვუდგინე და დოკუმენტაცია მოვთხოვე. ამ დოკუმენტაციაში, როდესაც საფულეს ხსნის, მართვის მოწმობა ჩანს, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მართვის მოწმობის მაგივრად ე.წ. ნარუშილოვკა წარმიდგინა. აქედან გამომდინარე, არც დაბურული მინების ნებართვა მითხოვია, არც არაფერი, გამოვბრუნდი და დავუბრუნდი ჩემს ავტომობილს", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

ბაბუნაშვილის თქმით, თბილისში დღეს ასეთი სპეცსაშვებით ბევრი ადამიანი სარგებლობს. მისი თქმით, ის საშვების ვადებს ყოველთვის ყურადღებას აქცევდა და ამბობს, რომ ყველა ასეთი საშვი 2013-2014 წლებში იყო გაცემული.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნარუშილოვკა საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან.

კომენტარები