ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ენმ: ყველასთვის საამაყო პოლიცია კახა თარგამაძის მილიციად გადააქციეს

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "ერთ დროს ყველასთვის საამაყო რეფორმირებული პოლიცია ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჩინოვნიკებმა კახა თარგამაძის მილიციად გადააქციეს". ენმ აპირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რის საფუძველზე გაიცემა დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვები ე.წ. ნარუშილოვკები. პარტიის წევრი ირმა ნადირაშვილი პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"ჩვენი აზრით, პრობლემის სათავე ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დამკვიდრებული მმართველობის სტილია - თავისი პირადი თანაშემწე დანიშნა პრემიერად, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მინისტრებად და ქართუ ბანკის თანამშრომლები მაღალ თანამდებობებზე. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს მას და არა პირიქით. გავრცელებული კადრები კი ადასტურებს იმას, რომ არამარტო ივანიშვილი მოქმედებს ასე, არამედ ქვემო რგოლებშიც ასეთი წესით ხდება სტრუქტურების მართვა. კადრებში ვხედავთ, რომ იზორიას ძმა, სამინისტროს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები ე.წ. ნარუშილოვკებით სარგებლობენ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ ისე, რომ პასუხს ვერვინ მოსთხოვს. ვიხილეთ პატრულის ყოფილი უფროსი, რომელიც არაერთხელ ყოფილა სკანდალში გახვეული და რომელიც აიძულებდა საპატრულო პოლიციას, მისი ოჯახის წევრები ერთ-ერთი რესტორნიდან ეკიპაჟს გაეცილებინა, რათა ნასვამი მძღოლები ვინმეს არ გაეჩერებინა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პოლიციის ღირსებაზე, მათ ეთიკაზე მოქმედებს. სამწუხაროა, რომ ერთ დროს ყველასთვის საამაყო რეფორმირებული ქართული პოლიცია, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჩინოვნიკებმა კახა თარგამაძის მილიციად გადააქციეს. ვთვლით, რომ ეს საგანგაშოა, აუცილებელია, ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მისი მდგომარეობით სარგებლობს, დაუსჯელად მოქმედებს და კანონს არღვევს, პასუხი აგოს. უპირველესად კი ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ასეთი მმართველობის სტილი სწორედ მისგან მოდის. ერთიანი ნაციონალური მოძრობა დღესვე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს სიას, თუ ვინ სარგებლობს ნარუშილოვკებით და რა კრიტერიუმებით ხდება მათი გაცემა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიციის ყოფილი უფროსი ლეიტენანტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. გიორგი ბაბუნაშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოღებულ მასალაში ჩანს, როგორ სარგებლობენ მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით, ე.წ. ნარუშილოვკებით. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა პოლიციის ყოფილი უფროსი სერჟანტის გიორგი ბაბუნაშვილის მოპოვებული ვიდეომასალა გადაცემა პოსტსკრიპტუმში გაავრცელა. ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ გავრცელებული მასალა მხოლოდ ნაწილია იმ მასალისა, სადაც მაღალჩინოსნების ნათესავები და მეგობრები ფიგურირებენ. ბაბუნაშვილი ვიდეომასალაში ამბობს, რომ "საპატრულო პოლიცია მოშლილი და დეორგანიზებულია".

ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული ხდება, ის გაუშვას. ამის შემდეგ, იზორიას ძმა თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას.

ე.წ. ნარუშილოვკა საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. ვიდეომასალა გიორგი ბაბუნაშვილმა საინფორმაციო სააგენტო ტაიმერისა და გაზეთ ქრონიკა +-ის ჟურნალისტებს მიაწოდა და მედიაში გავრცელება სთხოვა. ყოფილი ლეიტენანტი უკვე ევროპაშია და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. 

კომენტარები