აშშ-რუსეთის ურთიერთობები

ობამა და პუტინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ

ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი
REUTERS/Jason Reed

ორშაბათს, 28 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები ბოლო ერთი წლის მანძილზე პირველად გამართავენ პირისპირ შეხვედრას. ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს გაეროს 70-ე სესიის ფარგლებში შეხვდებიან. გავრცელებული ინფორმაცია ორივე ქვეყნის უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის სირიაში გაზრდისა და ყირიმის ანექსიის ფონზე, შეხვედრის დაძაბულ ვითარებაში ჩავლას წინასწარმეტყველებენ ექსპერტები.

„უკრაინასა და სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მოსკოვთან ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პრეზიდენტი თვლის, რომ ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება, არ გავარკვიოთ, შეგვიძლია თუ არა რუსეთთან მაღალ დონეზე მოლაპარაკებების გზით გარკვეული პროგრესის მიღწევა", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერი BBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ-ის თვალთახედვით, შეხვედრის მთავარი მიზანი არის უკრაინის საკითხი და იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა შეასრულოს ბელარუსში თებერვლის მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით კი, მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი თემა სირია იქნება. რაც შეეხება უკრაინას, მასზე იმ შემთხვევაში ისაუბრებენ, თუ ამის დრო დარჩება.

შეხვედრის ხანგრძლივობა 50-60 წუთი იქნება და პუტინის გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება. Reuters-ის ცნობით, შეხვედრა რუსული მხარის თხოვნით იმართება. უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის პირისპირ შეხვედრა უკვე ერთი წელია, არ შემდგარა.

„გადატვირთვის პოლიტიკის" შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგად დაიძაბა. რუსეთის მხრიდან საერთაშორისო შეთანხმებებისა და ნორმების უხეშად დარღვევამ დასავლეთის ქვეყნები აიძულა, შეემუშავებინათ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

ამას გარდა, რუსეთი სირიაში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის, რაზეც უკანასკნელ დღეებში გავრცელებული სატელიტით გადაღებული ფოტოებიც მიუთითებს. მოსკოვი თავის შეიარაღებას ახლადდაარსებული რუსული საჰაერო ბაზის ლატაკიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორ ობიექტზე ათავსებს.

კომენტარები