საბერძნეთი

ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსის ციპრასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

telegraph.co.uk

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს. ღარიბაშვილი ალექსის ციპრასს ენერგიასა და შემართებას უსურვებს. ვადამდელ არჩევნებში ალექსის ციპრასის ულტრამემარცხენე პარტია სირიზამ 22 სექტემბერს გაიმარჯვა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ მკაფიო მანდატი და ბერძენი ხალხის მხარდაჭერა მოგცემთ მტკიცე რწმენას, ენერგიასა და შემართებას, რომლებიც საჭიროა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც თქვენ გელით. გისურვებთ წარმატებას თქვენს სამომავლო წამოწყებებში, რომელთა მიზანიცაა თქვენს ქვეყანაში წინსვლისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ, რომ სიხარულით გაგიწევთ მასპინძლობას საქართველოში თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. საქართველოსა და ელინური რესპუბლიკის მოქალაქეებს აკავშირებთ განსაკუთრებით ახლო მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენს მთავრობასთან, რათა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, რისთვისაც, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გზით, გამოვიყენებთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოტენციალს", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

რიგგარეშე არჩევნებში ალექსის ციპრასის ულტრამემარცხენე პარტია სირიზამ 35%-ზე მეტი დააგროვა, კონსერვატიულმა პარტიამ ახალმა დემოკრატიამ კი - 28%. სირიზა კოალიციის ფორმირებას ნაციონალისტ დამოუკიდებელ ბერძნებთან აპირებს.

ალექსის ციპრასი თანამდებობიდან 20 აგვისტოს გადადგა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ვადამდელი არჩევნების ერთ-ერთი მიზეზი სირიზაში ევროკავშირის პირობებისადმი არსებული წინააღმდეგობაა. ციპრასის გუნდში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ სირიზა პარლამენტში იმ დეპუტატებით მოვიდა, რომლებიც ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას მხარს უჭერს.

საბერძნეთში, სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 150 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. 

კომენტარები