საბანკო ზედამხედველობა

ტყემალაძე ეროვნულ ბანკზე: ბევრი სიურპრიზი მიგვიღია საკონსტიტუციოსგან

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები დღეს საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. პარტიებმა სარჩელის შესატანად საჭირო ოცდაათი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ამ კანონის გაუქმებას არ გამორიცხავს. 

"საბანკო ზედამხედველობის კანონი ერთი ბეწოთიც, რომ იტყვიან, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ეს თავად პრეზიდენტმაც დაადასტურა, როდესაც ხელი მოაწერა. მაგრამ ნუ, ყველას აქვს თავისი უფლება გაერკვეს უფრო ბოლომდე და შეიტანენ ალბათ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ბევრი სიურპრიზები მიგვიღია და შეიძლება ეხლაც მივიღოთ ახალი სიურპრიზი. არ იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რადგანაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ჩვენ ვართ კანონმორჩილნი და რა გადაწყვეტილებაც იქნება, იმას დავემორჩილებით", - თქვა ზურაბ ტყემალაძემ.

საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, სწორედ ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების უფლებამოსილების განხორციელებას ვეღარ შეძლებს ეროვნული ბანკი, თუკი საბანკო ზედამხედველობის სამსახური მისი შემადგენლობიდან გავიდა.

კომენტარები