აქციები მოსამართლეების სახლებთან

ვენეციის კომისია: მოსამართლეები და მათი ოჯახები დაცული უნდა იყვნენ

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცნობილია, გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლეების სახლებთან აპროტესტებენ. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თვლის, რომ საზოგადოებამ კრიტიკა უნდა გამოთქვას კანონიერების ფარგლებში და მოსამართლეებსა და მათ ოჯახებს პატივი უნდა სცენ. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა მოსამართლეები და მათი ოჯახი ნებისმიერი შევიწროებისგან დაცული იყვნენ.

"შევიტყე იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებზე ხორციელდება - აქციები და პიკეტირებები მათი საცხოვრებელი სახლების წინ.

დემოკრატიაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა, ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობა უზრუნველყოს. მისი გადაწყვეტილება არის საბოლოო, სავალდებულო შესასრულებელი და უნდა შესრულდეს იმ სახელმწიფოში, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ არ უნდა გამოხატოს კრიტიკული შეხედულებები გადაწყვეტილებებზე. თუმცა, კრიტიკა უნდა გამოითქვას პატივისცემისა და კანონიერების ფარგლებში. მოსამართლეების და მათი ოჯახების პირად ცხოვრებას პატივი უნდა სცენ.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა დაცული იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და მათი ოჯახები ნებისმიერი შევიწროებისგან", - წერია განცხადებაში.

კომენტარები