საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს მშპ ლარის გაუფასურების გამო მეორე კვარტალში $658 მილიონით შემცირდა

კასპერ პემპელი / REUTERS

2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებამ 7.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით 0.6 მილიარდით აღემატება, თუმცა ლარის გაუფასურების გამო დოლარში გამოსახული მშპ $658 მილიონით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მეორე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. 

შენელებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მშპ ერთ მოსახლეზე 2.5%-ზე 9-ჯერ მეტად, 23%-ით გაიზარდა. ერთ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის მიზეზი არა ეკონომიკური ზრდა, არამედ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონია. გასული წლების მაჩვენებლები კი, ისევე 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით იანგარიშება.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე 2015 წლის მეორე კვარტალში 2084 ლარი იყო, 2014 წელს კი ეს მონაცემი 1595 ლარს შეადგენდა. მათ შორის სხვაობა კი იმას უკავშირდება, რომ საქსტატს 2014 წლის მონაცემებში საქართველოს მოსახლეობად აღებული აქვს 4.4 მილიონი მოქალაქე, 2015 წლის მშპ-ის მონაცემები კი 3.7 მილიონი მოქალაქისთვის დაითვალა. 

დოლარში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე მეორე კვარტალში $913 იყო, რაც წინა წლის მეორე კვარტლის მონაცემებს $8-ით აღემატება. იმის გამო, რომ 2014 წლის მაჩვენებელი დაანგარიშებულია 4.4 მილიონი მოქალაქისთვის, 2015 წლის მონაცემი კი - 3.7 მილიონი მოქალაქისთვის, წელს მისი მოცულობა დაახლოებით 14%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ლარის დაახლოებით 40%-იანი გაუფასურების გამო დოლარში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე მხოლოდ 0.88%-ით გაიზარდა. 

კომენტარები