გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: უგულავას დღესვე დაპატიმრება არ იქნება მოულოდნელი

ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტის, გამორჩეული დეპუტატის მეჭიაურის სიტყვები. ის გოგი თოფაძესთან ერთად გამოირჩევა "პირდაპირობით" და მან პირდაპირ თქვა, რომ დაკვეთაა, ძალიან სწრაფი "რევანში" მოხდეს და დღესვე დააპატიმრონ უგულავა. ეს არ არის სამწუხაროდ მოულოდნელი, ჩვენ ვიცით, რომ სრულ ისტერიკაში იყო ივანიშვილი პირადად, მისი გარემოცვა, დამნაშავეებს ეძებენ და იქნება გაასმაგებული ზეწოლა მოსამართლეზე, სასამართლოზე, რომ ეს შედეგი დადგეს. მე არ დავიწყებ მარჩიელობას - გაუძლებს ეს მოსამართლე ამ ზეწოლას თუ ვერ გაუძლებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში, ხშირად სამწუხაროდ, სასამართლო ზეწოლას ვერ უძლებდა, თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც - საპირისპიროსი. საერთო ჯამში, მთავარი პრობლემა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რა მოხდება დღეს, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ვართ კონცენტირებული აი, ამ საკითხზე, ივანიშვილის და მის გუნდის მიერ საქმის კეთების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნის კომენტირებაზე - მოხდება ეს დევნა, წარმატებული იქნება დღეს თუ წარმატებული იქნება ხვალ. ამას უნდა დავუსვათ წერტილი, ივანიშვილის რეჟიმს მშვიდობიანად და კონსტიტუციურად და ეს აუცილებლად მოხდება. უბრალოდ, ჩვენ ეს ყველაფერი გვახსენებს, რამდენად ღრმაა პრობლემა და უფსკრული, საითაც ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას მიაქანებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

კომენტარები