ბათუმში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1965 წელს დაბადებულმა ზაზა ლ-მ გუშინ, ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ოჯახური კონფლიქტის დროს ურთიერთშელაპარაკებისას, 1985 წელს დაბადებულ რევაზ გ-ს ცივი იარაღით ყელის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
შსს-მ ბათუმში ასევე გუშინ მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში, თბილისის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ ზვიად გ-ს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).





