გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: ეს არის გამარჯვება არა გიგი უგულავას, არამედ მთელი საზოგადოების

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, გიგი უგულავას გათავისუფლება იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სასამართლოს გამოეტანა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის არა უგულავას ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ, მთელი საზოგადოების გამარჯვება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ეს საკითხი - უზენაეს სასამართლოს ამ საკითხებში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვთვლიდით - საერთოდ არ უნდა გაწელილიყო ეს პროცესი და არ იყო საჭირო სასამართლო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს არის გამარჯვება არა გიგი უგულავას ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთელი საზოგადოების, თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად" - აღნიშნა ბოკერიამ.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო. გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო. უგულავას წინასწარი პატიმრობა 7 ნოემბრის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული.

სასამართლოში სხდომა დღეს, 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, პროკურორების დაგვიანების გამო, ერთი საათით გვიან დაიწყო.

პროკურორებმა სხდომაზე ხუთი შუამდგომლობა დააყენეს - მოითხოვეს "გონივრული დრო" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად - რომელიც დაკმაყოფილდა; შემდეგ კვლავ მოითხოვეს დამატებითი დრო, თუმცა, მოსამართლემ აღარ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ არც დანარჩენი სამი შუამდგომლობა დააკმაყოფილა - პროკურორებმა მოითხოვეს სათადარიგო მოსამართლის აცილება; მოითხოვეს 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღეს გადმოწევის განჩინება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება; ასევე მოითხოვეს საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე მიმდინარეობს, რომელიც ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ამ საქმეზე დღევანდელი პროცესი, ადვოკატების მოთხოვნით, ხვალისთვის გადაიდო. 

კომენტარები