ფულადი გზავნილები

საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები 89%-ით შემცირდა

Getty Images

2015 წლის აგვისტოში, წინა წელთან შედარებით, საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 89%-ით შემცირდა. აგვისტოში საბერძნეთიდან $1.4 მილიონი შემოვიდა. 

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. საბერძნეთში სხვადასხვა მონაცემებით 150 ათასიდან 200 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ისინი საკუთარი შემოსავლების გარკვეულ ნაწილს უკან - საქართველოში გზავნიან. საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ვითარება და მაღალი უმუშევრობა ამ ქვეყნის ფულად გზავნილებზეც აისახა.

საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების აშკარა შემცირება ქვეყნის მმართველი პარტიის სირიზას მიერ რეფერენდუმის გამოცხადებიდან დაიწყო. საბერძნეთში პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო იქ ემიგრირებულ საქართველოს მოქალაქეებს სტაბილური სამუშაოს მოძებნა და ოჯახისთვის დახმარების გაწევა გაურთულდათ. საბერძნეთის უმუშევრობის მაჩვენებელი უკანასკნელი მონაცემებით 26%-ს შეადგენს. რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩევბელელია.

2014 წლის იანვარ-აგვისტოში საბერძნეთიდან საქართველოში სულ $138 მილიონი გადმოიგზავნა, წელს კი მისი მოცულობა 39%-ით შემცირდა და $84 მილიონი შეადგინა. 2014 წელს იანვარ-აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში $964 მილიონი გადმოიგზავნა, წელს გაუარსესებული საგარეო ფაქტორების გამო ფულადი გზავნილების შემომავალი ნაკადი 26%-ით შემცირდა და ის $714 მილიონს შეადგენს. 

ფულადი გზავნილების შემცირება ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების 52% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წელს კი რუსეთს ფულადი გზავნილების 44% უჭირავს. აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 35%-ით შემცირდა. 

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ამ ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო, მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

კომენტარები