გიგი უგულავას საქმე

ტურავას ავადმყოფობის მიზეზით, უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება არ გამოაცხადეს

liberali.ge

საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ - დღეს აღარ გამოაცხადებს. მიზეზად სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას ავადმყოფობა დასახელდა. გადაწყვეტილება დღეს, 17:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი და გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში ცხადდება საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ ხელმოწერის შემდეგ. გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის დროისთვის, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში და არ მიიღო მონაწილეობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედვად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო და აღნიშნავს, რომ "სასამართლოს არ შეიძლებოდა ჰქონოდა გონივრული მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ გამოცხადდებოდა გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში ხელმოწერის მისაღებად". 

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მეორედ, სხვა საქმეზე შეუფარდეს.

გიგი უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები