რთველი 2015

მევენახეების პრობლემაზე ხვალ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი იმსჯელებს

ზურაბ ტყემალაძე
ghn.ge

ყურძნის ჩაბარების ფასის საკითხზე კახელი მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ხვალ სხდომას ჩაატარებს. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

"პარასკევს, როდესაც კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც გიორგი ღვინიაშვილის ინიციატივითა და ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით მევენახეები მოვიდნენ, ჩვენ მათ დავპირდით, რომ ორშაბათს ან სამშაბათს კომიტეტის სხდომას ჩავატარებდით. ამ სიტყვას არ გადავალთ. ჩვენ სამშაბათს ვაპირებთ კომიტეტის სხდომის ჩატარებას", - თქვა ტყემელაძემ.

უკვე რამდენიმე დღეა, კახელი მევენახეები აქციებს მართავენ და ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, რქაწითელის ფასი ერთი ლარი უნდა იყოს, ხოლო საფერავის - ლარნახევარი. სახელმწიფო თეთრ ყურძენს 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები