რთველი 2015

გურჯაანის გამგეობასთან შეკრებილ მევენახეებს კახეთის გუბერნატორი ხვდება

ტაბულა

გურჯაანის გამგეობასთან შეკრებილ მევენახეებთან შესახვედრად კახეთის გუბერნატორი მივიდა. ირაკლი შიოლაშვილის და მევენახეების შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს.

"განწყობაა მოსახლეობაში ისეთი, თითქოს ჩვენ ვარეგულირებთ ფასებს. ეს არის აბსოლუტურად მცდარი, ეს არის სახელმწიფოს ასე ვთქვათ საჩუქარი, რომელიც 35 თეთრის ფარგლებში შემოიფარგლება. რაც შეეხება კერძო სექტორს, რამდენად არის მზად, რა ფასად ჩაიბაროს ყურძენი, ეს არ არის სახელმწიფოს სარეგულაციო ნაწილი, კერძო სექტორი თავის ფასს თვითონ შესთავაზებს, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ დოტაციას გაუკეთებს", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

კახელი მევენახეები რამდენიმე დღეა, ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდას ითხოვენ. ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ ყურძნის ფასი ერთი ლარი და ლარ-ნახევარი უნდა იყოს. 

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები