რთველი 2015

მევენახეების ნაწილმა საპროტესტო აქციები განაახლა

რუსთავი 2

კახელი მევენახეების ნაწილმა საპროტესტო აქციები განაახლა. ისინი თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ალაზნის ხიდზე შეიკრიბნენ. მევენახეები ითხოვენ, რომ ყურძენი ერთ ლარად ჩაიბარონ.  აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ამასთან, მევენახეების თქმით, სახელმწიფო ტყუის, როცა ამბობს, რომ ქარხნებში ყურძნის ჩაბარება მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, მხოლოდ რამდენიმე ქარხანა იბარებს დასეტყვილ ყურძენს 5 თეთრად.

რუსთავი 2-ის ცნობით, ადგილზე იმყოფება ყვარლის გამგებლის პირველი მოადგილე. ოთარ ბუჯიაშვილის განცხადებით, შტაბიდან მიღებული ინფორმაციით, ქარხნები გახსნილია და როგორც დასეტყვილ, ასევე საღ ყურძენს იბარებენ. აქციის მონაწილეები რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელს მისვლასაც ელოდებიან. 

ცნობისთვის, გურჯაანელმა მევენახეებმა საპროტესტო გამოსვლები ხვალამდე შეაჩერეს. ისინი 14 სექტემბრის 12:00 საათამდე დაელოდებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გადაწყვეტილებას ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით. 

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები