რთველი 2015

მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ტელეკომპანია გურჯაანი
გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 
ინტერპრესნიუსის ცნობით, დაპირისპირების დროს, ოთხი ადამიანი დაიკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს. 
 
თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი მევენახეებმა დღეს გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ. მევენახეების განცხადებით, ყურძნის ფასი მათთან შეთანხმებით უნდა დაწესდეს. გარდა ამისა, კახელი მევენახეები თბილისშიც ჩამოვიდნენ და აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რთველი 2015-ის საკითხის დღის წესრიგში შეტანა ითხოვეს.  

კახეთში რთველი 2015 გუშინ, საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. კახეთში უკვე გაიხსნა ოთხი ქარხანა - ყველა მათგანი სახელმწიფო ან მის მიერ დაქირავებულია. ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასის გადახედვას არ აპირებენ.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული. 

კომენტარები