რთველი 2015

კახეთში მევენახეები ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ

რუსთავი 2

კახეთში რთველი 2015 საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. მევენახეები გურჯაანის გამგეობასთან არიან შეკრებილი, ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ და მის გაზრდას მოითხოვენ. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის გახსნილი ცენტრები, სადაც ისინი საკუთარი მოსავლის ჩაბარებას შეძლებენ, თუნდაც დღევანდელი ფასით.

გურჯაანის გამგეობასთან შეკრებილებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი თქმით, "ფასს ბაზარი არეგულირებს".

მევენახეები საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ამას მასშტაბური სახე მიეცემა. ისინი, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ვენახების გაჩეხვით იმუქრებიან. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობა მათ ყურადღებას არ აქცევს.

რთველი 2015 დღეს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ყურძენს დღეისთვის ოთხი ქარხანა იბარებს. ერთ-ერთი ქარხნის, გრუზინპრომის ხელმძღვანელის გელა ბეზარაშვილის თქმით, ფასი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი.

"დღეს გაიხსნა დილით ქარხნები, ყურძენს დაკრეფს ხალხი და საღამოს მოვლენ ალბათ. სუბსიდიის ჩათვლით, თეთრი ყურძენი, რქაწითელი ეღირება 60 თეთრი, საფერავი - 75. ეს არის სახელმწიფო კომპანიის ფასი ამ ეტაპისთვის. კერძო კომპანიებმა შეიძლება, სხვა ფასად მიიღონ, ჩვენ იმ კერძო კომპანიებს არ გავუწევთ კონკურენციას. ამ ეტაპზე კერძო კომპანიებიც ახორციელებენ გადამუშავებას, მოთხოვნის შესაბამისად მიიღებენ ყურძენს და დარჩენილ ყურძენს ჩაიბარებს სახელმწიფო. არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი", - თქვა ბეზარაშვილმა.

კომენტარები