არაფორმალური მმართველობა

ალასანია: საქართველოში არაფორმალური მმართველობა პირველად გვაქვს

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებას არ ეთანხმება. ალასანიამ სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" - თქვა, რომ "საქართველოს ამ ტიპის მმართველობა პირველად აქვს - საზოგადოების და ხალხის მიმართ ნულოვანი პასუხისმგებლობით და თითქმის სრული კონტროლით აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე". მან დავით უსუფაშვილს უპასუხა, რომლის შეფასებითაც, არაფორმალური მმართველობა ცუდია, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ქვეყანას დააქცევს, არასწორია. 

"პირველ რიგში, ვხედავ, რომ დათო არაკომფორტულად გრძნობს თავს სახლში არაფორმალურ ლიდერთან დარჩენილი, ამიტომ ვპირდები, რომ ორი თვით და მეტით ქვეყნიდან აღარ გავალ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრ რამეს ვიზიარებთ: ერთად ვიყავით კოალიციაში, ნდობა გვქონდა პირადადაც და პოლიტიკურადაც, შემდეგ გარკვეულ საკითხებში ავცდით, მაგრამ ვფიქრობ, ახლაც არსებობს ნდობა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა საქართველო ვაქციოთ უფრო უსაფრთხოდ. მაგრამ არ დავეთანხმებოდი მდგომარეობის ასე გამარტივებას არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით. პირველად არის, როდესაც საქართველოს ამ ტიპის მმართველობა აქვს, საზოგადოების და ხალხის მიმართ ნულოვანი პასუხისმგებლობით და თითქმის სრული კონტროლით აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე. ვფიქრობ, შემდეგი არჩევნები გადამწყვეტია ჩვენთვის. ერთად, ხალხი და პოლიტიკოსები, ვინც აქ ვსხედვართ, უნდა გავერთიანდეთ, რომ შევცვალოთ ეს, რადგან მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც უნდა გადავლახოთ. კიდევ ერთი საკთხია, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს", - თქვა ალასანიამ.

კომენტარები