საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ქართული ოცნების კანდიდატად სოსო დანელია წარადგინა. ღარიბაშვილის თქმით, დანელიას დიპლომატიურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
"სოსო დანელია წარმოშობით არის მარტვილიდან. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და მინიჭებული აქვს სამეცნიერო ტიტულები საქართველოში და იტალიაში. მჯერა, რომ ბატონი სოსო მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თავის მშობლიურ მარტვილში. მაქსიმალურად გამოიყენებს თავის მრავალმხრივ ცოდნას, გამოცდილებას და იქნება ჩვენი ხალხის ნამდვილი რჩეული ჩვენი ქვეყნის პარლამენტში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება საგარეჯოს, კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი საიას ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი იქნება.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. საგარეჯო მაჟორიტარის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნაული ჯანაშია იყო, რომელიც 2015 წლის მარტში გარდაიცვალა.
ამასთან, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.





