საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების, ასევე, გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედური არჩევნების, იმ 103 უბნის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა.
ცესკოს ცნობით, გურჯაანში, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა 14 450 ხმა მიიღო. გორი-კასპის მაჟორიტარის არჩევნებზე კი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი სოსიაშვილმა ხმების 93,4% მიიღო, მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ კი 6,59%.
ცესკოს თქმით, არჩევნებში მონაწილეობა 43 330-მა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ია.
1-ელ ოქტომბერს, გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.
შუალედური რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
2023 წლის, 1-ლი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები იყვნენ, მამუკა ტუსკაძე პარტიიდან “მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის” და გიორგი სოსიაშვილი პარტიიდან - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ხოლო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 184 300 იყო.
არჩევნები მოდერნიზებული ტექნოლოგიების გამოიყენებით ჩატარდა.
გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)-ის თქმით, 1-ელ ოქტომბერს გამართულ რიგგარეშე არჩევნებზე მათი მთავარი დაკვირვების ობიექტი ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები იყო.