მცოცავი ოკუპაცია

ჭიაბერაშვილი: აგვისტოს ომის ქრონიკა სამთავრობო ვებგვერდებიდან გაქრა

„აგვისტოს ომის ქრონიკა სამთავრობო ვებგვერდებიდან გაქრა“, - ამის შესახებ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს. ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემოჭრის, მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისა და ომის ცხელი ფაზის შემდგომ, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე რაიონებში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების ამსახველი დოკუმენტაციის სამთავრობო საიტებიდან გაქრობა კაპიტულანტური პოლიტიკის ნაწილია“. 

ჭიაბერაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ სპეციალურ პორტალზე განათავსა ყველა ის დოკუმენტური მასალა, რომელიც მიეწოდა ტალიავინის კომისიას. „პორტალზე ბმა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდს. დღეს მასალა მოხსნილია ყველა სამთავრობო ვებგვერდიდან“, - ამბობს ჭიაბერაშვილი. 

მისივე თქმით, ივანიშვილის მთავრობა რუსეთთან საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის საზიანო პოლიტიკას აწარმოებს და ამის გამო, ოკუპანტ სახელმწიფოს სულ უფრო უადვილდება საქარათველოს მოქალაქეებისათვის ზიანის მიყენება. „მცოცავი ოკუპაცია პასუხია იმ კაპიტულანტურ პოლიტიკაზე, რასაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობის წევრები ატარებენ. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაში, სამთავრობო საიტებიდან ზემოაღნიშნული დოკუმენტური მასალის გაქრობა მხოლოდ მავნებლობად შეიძლება შეფასდეს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

კომენტარები