მცოცავი ოკუპაცია

PACE ოკუპაციაზე: რუსეთის ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს

radiotavisupleba.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლაცეანმა და კლოდ კერნმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და მცოცავი ოკუპაცია დაგმეს.

"ეს ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს და ხაზის ორივე მხარეს მიუღებელ ზიანს აყენებს ადამიანებს. ჩვენ ვგმობთ მცოცავ ოკუპაციას. ასამბლეა სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,"-წერია მოხსენებაში. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის მოხსენება 26 სექტემბერს გამოქვეყნდა. თანამომხსენებლებმა ყურადღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე გაამახვილეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს ფორმაზე, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გადაგზავნილი კანდიდატების სია შეადგინა.  

ცნობისთვის, გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ასევე, 30 აგვისტოს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მოთხოვნა სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს აღების შესახებ არ შეასრულა. ტექნიკური შეხვედრების შემდეგ ვიტარება 11 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაიძაბა - მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან, სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მახლობლად საგუშაგოებს აგებდნენ, რითაც ალყაში ექცეოდა ქართული საგუშაგო.

კომენტარები