ინფლაცია

2014 წელთან შედარებით სამომხმარებლო კალათის ღირებულება 4.9%-ით გაიზარდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქსტატმა 3 აგვისტოს ივლისის თვის ფასების დინამიკის ანგარიში გამოაქვეყნა. წინა წელთან შედარებით სამომხმარებლო კალათის ღირებულება 4.9%-ით არის გაზრდილი, რაც ჯერჯერობით 2015 წლის ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წელს ყოველთვიურად ინფლაცია საშუალოდ 2% იყო, თუმცა მაისში მან ზრდა დაიწყო და 3.5% გახდა, ივნისში კი 4%-იან ნიშნულს გადააბიჯა და 4.5% შეადგინა. ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია წელს 5%-ია. 

საქსტატის მონაცემებით, 7.1%-ით გაძვირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი. ამ ჯგუფში ფასების ზრდამ ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 2.03%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა ხილსა და ყურძენზე - 32%. ასევე, ზეთისა და ცხიმის ქვეჯგუფზე - 11%. 

7.3%-ით გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვის სექტორზე, სადაც ყველაზე მეტად - 16%-ით ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ღირებულება კი 6%-ით არის გაზრდილი.

ინფლაციური მოლოდინების ზრდის გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების სესხებზე განაკვეთი 5.5%-მდე გაზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში ფასების ზრდა იმით არის განპირობებული, რომ მედიკამენტების დიდი წილი იმპორტირებულია, რის გამოც მათზე ლარის გაუფასურება აისახა. 

11.7%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი. აქედან თამბაქოს ნაწარმი 8.7%-ით გაძვირდა. ამ ჯგუფში ფასების მატება სახელმწიფოს მხრიდან აქციზის გადასახადის მატებას უკავშირდება. 

აღსანიშნავია ფასების კლება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ტრანსპორტი -0.8%, სადაც ფასების კლება წინა წელთან შედარებით შემცირებულმა საწვავის ფასმა გამოიწვია. საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით საშუალოდ 1.3%-ით უფრო იაფად არის შესაძლებელი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა.

კომენტარები