საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პანორამა თბილისის საწინააღდეგო აქციის მონაწილეების დაჯარიმებას გააპროტესტებს.
აქცია ხვალ, 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება.
„ამ აქციაზე გავაპროტესტებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს შემაშფოთებელ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აქციის „არა პანორამას“ დროს დაკავებული პირების მიმართ, აქციის დროს გამოყენებული სლოგანის გამო. გადაწყვეტილება ამკვიდრებს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მანკიერ პრაქტიკას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
თბილისის საკრებულოსთან პროექტ პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციის ათი მონაწილე სამართალდამცველებმა გასულ კვირას, 19 ივლისს დააკავეს. ამის მიზეზი აქციაზე გამოყენებული პლაკატები გახდა, რომლებსაც უცენზურო წარწერები ჰქონდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აქციის მონაწილეთა დაკავებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ გამოყენებული პლაკატებით ვინმეს პირისპირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ფაქტი არ წამოადგენდა წვრილმან ხულიგნობას.
23 ივლისს სასამართლომ 10 დაკავებულიდან 7 ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული მათგანი 100 ლარით დააჯარიმა. მოსამართლის გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
გუშინ პანორამა თბილისის საწინააღმდეგო კიდევ ერთი აქცია გაიმართა, სადაც გაიყიდა მაისურები წარწერით "ამ ჩემს პანორამას". თანხა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას მოხმარდება.





