სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან გადაადგილებაზე შეზღუდვა 20 ივლისამდე გაგრძელდება. შემდგომი ნაბიჯები კი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა შედეგით დასრულდება ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე სხდომა. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ განუცხადა.
კითხვას, თუ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის გადაადგილების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას მაშინ, როდესაც გამოცხადებული არ არის საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, ენუქიძემ უპასუხა: "არ გვინდა ახლა ამ სიმაღლეზე აწევა და განგაშის ატეხვა. არაფერი საგანგაშო, უბრალოდ დაპირისპირება და გაურკვეველი მომენტები თავიდან რომ ავიცილოთ, ამიტომ დროებით განემარტათ ჟურნალისტებს, სხვადასხვა პარტიის თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ იქ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ".
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივების გარდა, უცხო პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს არ უშვებენ. შეზღუდვის მიზეზად შინაგან საქმეთა სამინისტრო პროვოკაციის თავიდან აცილებას ასახელებს.





