სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია, გლდანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებაზე დაწყებული გამოძიება სრულყოფილად, ეფექტურად და ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე წარიმართოს. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, დროულად უნდა დადგინდეს მომხდარის მიზეზები, ხოლო ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი უსაფრთხოების წესების დარღვევას.
"გამოძიების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, გამოძიების ინტერესებისათვის ზიანის მიუყენებლად. ამავდროულად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი უსაფრთხოების ყველა წესის მაქსიმალური დაცვითა და შესაბამის კვლევებზე დაფუძნებით აღდგეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას იქ მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის უსაფრთხოება", - აცხადებს სახალხო დამცველი.
14 ივლისს თბილისში, გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაზიანდა და 40-ზე მეტი ოჯახი დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლის საფუველზე, რომელიც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.





