ლარის გაუფასურება

ლარის გაუფასურება გრძელდება - ერთი დოლარი 2.262 ლარი ღირს

wikimedia.org

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.98 თეთრით გაუფასურდა. მომავალი სავალუტო აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.2619 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 0.07 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი ევრო 2.493 ლარი ეღირება. 

ლარის გაუფასურება საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია. საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების საბალანსო დოკუმენტია. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებს წარმოადგენს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გრანტები და კრედიტები. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას კი იმპორტი და საგარეო ვალის მომსახურება იწვევს. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები