საბერძნეთი

საბერძნეთის კრიზისზე დღეს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა გადაიდო

Getty Images

საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით დღეს, 12 ივლისს, ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის 9 წევრი სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრა გადაიდო. უცნობია, როდის გაგრძელდება სახელმწიფოთა ლიდერების მოლაპარაკებები. დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გარკვეულიყო, დაუჭერდა თუ არა ევროკავშირი მხარს ალექსის ციპრასის მიერ წარმოდგენილ რეფორმების პროგრამას, სადაც ის ფისკალური რეფორმების სანაცვლოდ, ევროპისგან დამატებით €53 მილიარდს მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ საბერძნეთის მოსახლეობამ მსგავსი რეფორმების გატარების პაკეტს რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა. BBC-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის გადადება თითქმის არასდროს ხდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ევროკავშირში საბერძნეთთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსენსუსი არ არსებობს.  

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე საბერძნეთის ევროზონიდან დროებით, ხუთი წლით გასვლას უჭერს მხარს. მისი თქმით, საბერძნეთის დაპირებების ნდობა არ შეიძლება. გუშინ საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე ცხრა საათის მანძილზე გაგრძელდა. ფინანსთა მინისტრების შეხვედრა დღეს განახლდა. ევროზონის ფინანსთა მინისტრების ნაწილი - მაგალითად, საფრანგეთისა და იტალიის მინისტრები მხარს უჭერენ საბერძნეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის გეგმას, რომლის მოწინააღმდეგენიც გერმანიის, ნიდერლანდებისა და ფინეთის ფინანსთა მინისტრები არიან. ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის ერიკ ვიბესის თქმით, ევროზონის მრავალი სახელმწიფოს მთავრობა და მათ შორის ნიდერლანდებიც საკმაოდ ეჭვით უყურებს საბერძნეთის მიერ წარმოდგენილ პროგრამას. ფინეთის ფინანსთა მინისტრის თქმით კი, მოლაპარაკებები წინ უმნიშვნელო პროგრესით მიიწევს. 

საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი პროგრამის მხარდამჭერებს შორის ევროკავშირის კომისარი ეკონომიკურ საკითხებში პიერ მოსკოვისია. საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოსკოვისის თქმით, საბერძნეთმა წარმოადგინა რეფორმათა მნიშვნელოვანი პაკეტი, რაც ქვეყნისგან მოლაპარაკებების განახლებისკენ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თუკი საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამა მხარდაჭერილი არ იქნება, ეს საბერძნეთის ევროზონიდან გასვლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მთავრობა ბანკების ორ კვირიან იძულებით დასვენებას კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლივებს.

საბერძნეთი უკვე იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვადაგადაცილებული დავალიანების მდგომარეობაში, რადგანაც ქვეყანამ 30 ივნისს არ გადაიხადა €1.6 მილიარდიანი ვალი.  20 ივლისს კი ქვეყანამ ევროპის ცენტრალური ბანკის ECB-ის €3.5 მილიარდიანი ვალი უნდა გადაიხადოს, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ქვეყანა დეფოლტში აღმოჩნდება, რის გამოც ცენტრალური ბანკი შეაჩერებს ბერძნული ბანკების ფინანსური დახმარების €90 მილიარდიან პროგრამის, რაც უკვე დაზიანებული ბერძნული საბანკო სისტემისთვის სრული კოლაფსი იქნება და ავტომატურად გამოიწვევს საბერძნეთის ევროზონიდან გასვლას, რადგანაც ამ პროგრამის გარეშე ბერძნული საფინანსო სისტემის ლიკვიდობა მინიმუმადე დავა, რის დასაბალანსებლადაც მთავრობას ალტერნატიული ვალუტის, დრაქმის შემოღება მოუწევს.

საბერძნეთეს საერთაშორისო კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევრო მართებს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 177%-ია. 

კომენტარები