საბანკო ზედამხედველობა

უსუფაშვილი: საბანკო ზედამხედველობაზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს

David Usupashvili Official

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, კანონპროექტი საბანკო სისტემაში არსებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ამ საკითხზე მუშაობა მანამ გაგრძელდება, სანამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პრინციპული ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული. 

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მინდა კიდევ ერთხელ ყველასთვის მკაფიოდ და გასაგებად ვთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი არ აპირებს დაასრულოს ამ კანონზე მუშაობა მანამ, სანამ არ იქნება ყველა საკითხი გარკვეული და ყველა პრინციპულ თემაზე ურთიერთგაგება მიღწეული ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში მათთან, ვინც საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოგვმართეს წერილით - საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, სხვა ინსტიტუტები, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა და ასე შემდეგ", - თქვა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, კანონპროექტი საბანკო სისტემაში არსებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. და ამ საკითხზე მუშაობა მანამ გაგრძელდება, სანამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პრინციპული ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სავარაუდოდ, კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის მომავალ კვირას იქნება მზად და საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წევრებს მისი გაცნობის საშუალება პლენარულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ექნებათ. "პროცესი გრძელდება, შეშფოთების საფუძველი არავის არ აქვს. ჩვენ, ყველა კომენტარს, მოსაზრებას და პოზიციას დიდი ყურადღებით ვისმენთ და განვიხილავთ იმ წესით, რა წესიც პარლამენტში გვაქვს ამ საკითხებზე", - თქვა ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები