ჩინეთი

ჩინური საპნის ბუშტი სკდება

CNN

უკვე მეშვიდე დღეა, ჩინურ საფონდო ბირჟებზე პანიკური ვაჭრობაა, საერთო დანაკარგი $3.5 ტრილიონს შეადგენს. Bloomberg-ის ცნობით მსგავსი ვარდნა 1992 წლის შემდეგ არ ყოფილა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის 6% ანუ დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი ყოველდღიურად ქვეყნის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს, რაც 10 მილიონით აღემატება ქვეყნაში კომუნისტების რაოდენობას. CNN-ის ცნობით, მოვაჭრეთა ნახევარს არანაირი ფინანსური განათლება არ მიუღია და ვაჭრობა მარტივად გამდიდრების იმედით დაიწყო. 

ჩინურმა ბირჟებმა პიკურ წერტილს 12 ივნისს მიაღწიეს, როდესაც ქვეყნის საფონდო ბირჟებში არსებული კაპიტალის მოცულობამ ისტორიაში პირველად $10 ტრილიონს გადააჭარბა. 2015 წლის მაისიდან ზოგიერთი ინვესტორის განწყობა ნეგატიურად შეიცვალა, რადგანაც მრავალი ასეული კომპანიის აქციების ფასი არარეალურად გაიზარდა, რამაც მათზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. ამავდროულად, მრავალ წამყვან კომპანიას დაგეგმილთან შედარებით უფრო მცირე მოგება ჰქონდა, რამაც ამ კომპანიების აქციების ფასების კლება გამოიწვია. ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა ივლისიდან დაიწყო, არსებული ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი ევროპელი ინვესტორების მოლოდინების გაუარესებაა, რაც ევროზონის კრიზისს უკავშირდება.

გასული წლების მანძილზე განვითარებული ქვეყნების საფონდო ბირჟებთან შედარებით ჩინური ბირჟები 10-ჯერ და 20-ჯერ მაღალი შემოსავლებით გამოირჩეოდნენ. საფონდო ბირჟა ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი ნაწილი იყო, ამის მიზეზი კი მოქალაქეების სტიქიური ნაკადი გახდა, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ქონებას აქციებში აბანდებდნენ. მრავალი მათგანი უძრავ ქონებასაც ყიდდა იმ იმედით, რომ მომავალ წელს ორჯერ უფრო დიდი ქონების ყიდვას შეძლებდა, მოქალაქეები ასევე ბანკებიდან ფულს სესხულობდნენ, რათა აქციები შეეძინათ - ამას კი შედეგად აქციებზე გაზრდილი მოთხოვნა მოჰყვა, რამაც მათი ფასები არარეალურად გაზარდა.

$3.5-ტრილიონიანი ვარდნის გამო მრავალმა მოვაჭრემ ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. თუმცა ქვეყნის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია მაღალი არ არის, ასევე საბანკო სექტორიც არ არის ფართოდ წარმოდგენილი ამ ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე აქციების ვარდნის პირველი ტალღა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. 

Goldman Sachs-ის ანგარიშის მიხედვით, არსებული ვითარება განსაკუთრებული პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგანაც ვარდნის მიუხედავად, შანხაის კომპოზიტური ინდექსი წინა წელთან შედარებით კვლავ 74%-ით, შენჟენის ინდექსი კი 84%-ით მაღლაა. ანგარიშში მთავრობის ეფექტურ ჩარევაზეც არის საუბარი, რომელმაც გასული დღეების მანძილზე კომპანიების მიერ აქციების ბაზარზე გატანა (IPO) შეაჩერა, ასევე მრავალ ბაზარზე ვაჭრობა შეაჩერა, რათა პანიკურმა ფონმა არსებული კაპიტალის უფრო მეტად დაზიანება ვეღარ შეძლოს. მთავრობამ ვითარების დასტაბილურების მიზნით მაჟორიტარ აქციონერებს (აქციების 50% და მეტის მფლობელებს) ვაჭრობა აუკრძალა, რაც მთლიანი საფონდო ბირჟის კაპიტალის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.

ჩინური საფონდო ბირჟების ვარდნამ უკვე გავლენა მოახდინა აზიურ ბაზრებზე. ივლისში იაპონური Nikkei 225 2.4%-ით შემცირდა, ავსტრალიურმა საფონდო ბირჟებმა ვაჭრობა საშუალოდ 2%-იანი კლებით დაასრულეს, ასევე 1.2%-იანი წაგებით დაასრულეს ვაჭრობა სამხრეთკორეულმა საფონდო ბირჟებმა.

ჩინეთში მიმდინარე მოვლენების გამო ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $51-მდე შემცირდა, სპილენძის ფასები ექვსი წლის მინიმუმზე დავიდა, ნიკელის ფასები კი ერთ დღეში 5%-ით შემცირდა. 

ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. Goldman Sachs-ის ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურმა ბანკმა ნოემბერში მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის შეარბილა, ასევე ბანკებისთვის შეამცირა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. 

 

კომენტარები