ბათუმში ამერიკული ნაღმოსანი ლაბუნი (DDG-58) შემოვიდა. ამერიკული სამხედრო ხომალდის დახვედრის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ხომალდის კაპიტანმა ქრისტოფერ მექკელუმმა სტუმრებს სამხედრო ხომალდი დაათვალიერებინა და გემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.
ლაბუნი არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი ლაბუნი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს და უმასპინძლებს სტუმრებს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ლაბუნის სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება.
"ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ლაბუნი ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.
აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.





