ნარკოდანაშაული

IDFI: ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რიცხვი 2014 წელს 4-ჯერ გაიზარდა

IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში გამკაცრდა და 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა. კერძოდ, IDFI-ის ცნობით, ნარკოტიკების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა/შენახვა/მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014 წელს 4003 პირამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს.

"ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირს ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის ყველაზე მეტი პირი მსჯავრდებულია 2014 წელს - 4003 პირი, რომელთაგან 24,3%-ის შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, 52% - პირობითი მსჯავრი, ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში ჯარიმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მსჯავრდებულთა კლებადი ტენდენცია შეინიშნებოდა და 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ გამკაცრდა და 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, კერძოდ, აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014 წელს შეადგენს 4003 პირს რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს", - აცხადებს IDFI.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა/შენახვა/მოხმარებისთვის, 2013 წელს (13 572 პირი) დააჯარიმეს. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარია, შესაბამისად, ჯარიმათა საერთო ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6 786 000 ლარი, ხოლო 2014 წელს - 4 571 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5409 პირი (გადახდილი თანხა - 2 704 500 ლარი), დააჯარიმეს, ხოლო 2011-ში - 5817 (2 908 500 ლარი).

 

კომენტარები