სტიქია თბილისში

პრემიერი: გამორჩეული მაშველები, პოლიციელები, მოხალისეები უნდა დაჯილდოვდნენ

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შუამდგომლობით მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, გამორჩეული მაშველები, პოლიციელები თუ სხვა თანამშრომლები, ასევე მოხალისეები, რომლებმაც განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდნენ. 

"პრეზიდენტს ასეთი შუამდგომლობით მას შემდეგ მივმართავ, რაც ამ ადამიანების სიას წარმომიდგენთ", - მიმართა ღარიბაშვილმა ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 19 ადამიანი იმსხვერპლა, აქედან იდენტიფიცირებულია 17. სტიქიამ თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.  

 

კომენტარები