სტიქია თბილისში

ნარმანია: როცა პანიკური სიტუაცია იქმნება, კოორდინაციის პრობლემა დგება ხოლმე

თბილისის მერია

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სტიქიის დღეს პირველი ზარი 112-ში დაბა წყნეთიდან 22:07-ზე შევიდა, სადაც მეწყერი ჩამოწვა. თავად თბილისიდან, გმირთა მოედნის ტერიტორიიდან 112-ში ზარი 22:40-ზე მიიღეს, მოქალაქეებმა დახმარება ითხოვეს, რადგან ისინი დატბორილ ადგილზე აღმოჩნდნენ და მანქანიდან ვერ გადმოდიოდნენ. დატბორილი ზოოპარკიდან პირველი ზარი მაშველებთან 22:57-ზე შევიდა და უკვე 23:38-ზე განგაშის ზარი 112-ში სვანიძის ქუჩიდან მიიღეს, სადაც მოქალაქეები გადარჩენას ითხოვდნენ.

ამასთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანის კითხვებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უპასუხა. რუსთავი 2-მა მერს ის კადრებიც ანახა, სადაც დავით ნარმანიას მოქალაქეები დახმარებას სთხოვენ და როგორც მათი კომენტარებიდან ირკვევა, ჯერჯერობით იქ მისული არ არის სამაშველო სამსახური. ტელეკომპანიის ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელსაც გადაცემის ავტორი იმოწმებს, ეს კადრები ღამის 01:00-დან 01:15-მდეა გადაღებული.

"არასწორია და კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით. თქვენი ლოგიკა და მსჯელობა განსხვავებულად არის აგებული. ვაკე-საბურთალოს გზა, ანუ მზიურის მიმდებარე ტერიტორიიდან შესაბამისად გზაჯვარედინამდე, მე გავიარე დაახლოებით ეს იყო 23:50-ზე, ასეთ დროს თავისუფალი იყო იქ მოძრაობა. იდგა წყალი ნამდვილად, მაგრამ ისეთი არ იყო, რომ ავტომანქანების გატაცება დაეწყო ამ წყალს. მე გავჩერდი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ანუ თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც ჩვენი სამსახურები მუშაობდნენ და იქიდან ვახდენდი კოორდინაციას, როცა ეს მოქალაქეები მოვიდნენ და გვთხოვეს დახმარება. მე იქიდანვე ძალიან სწრაფად დავრეკე საგანგებო სიტუაციების სამსახურში, დავრეკე საპატრულო პოლიციაში, რათა რეაგირება უფრო სწრაფი ყოფილიყო.

თუმცა იმდენად ბევრი იყო ამ დროისთვის ზარები, რომ ყველა მანქანა და ყველა ბრიგადა იყო გასული შესაბამის გამოძახებებზე. შემდგომ შეიქმნა პანიკური სიტუაცია. თუმცა, თუ ნელ-ნელა იზრდებოდა წყლის მოცულობა, ასეთ შემთხვევაში ხომ შეიძლებოდა მოსახლეობას დაეტოვებინა ტერიტორია. ესეც ასე არ იყო. იმდენად სწრაფად მოვარდა წყალი, რომ ადამიანები უბრალოდ ავიდნენ სახურავებზე. ადამიანებმა თავი შეაფარეს მაღაზიას და ა.შ. იმდენად სწრაფად მოვიდა ამ ქუჩაზე წყალი. აქედან გამომდინარე. თქვენი ლოგიკა აგებულია იმაზე, რომ დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა ზარები და ითხოვდა მოსახლეობა შველას, რატომ არ გამოდიოდა მოსახლეობა მაშინ თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან. წყალი იმდენად სწრაფად მოვიდა, რომ ბევრმა მათგანმა ვერ მოასწრო გამოსვლა და რომ არა სამაშველო სამსახურები და რომ არა საპატრულო პოლიცია, ასეთ შემთხვევაში ზიანი გვექნებოდა უფრო მეტი", - თქვა დავით ნარმანიამ.

ავტორის კითხვას - თუ 22:07-ზე უკვე ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ წყნეთში ჩამოწვა მეწყერი, რატომ არ მოხდა გზების ჩაკეტვა და მოსახლეობის გაყვანა ტერიტორიებიდან, რატომ არ გათვალა არავინ მოსალოდნელი რისკი, ნარმანიამ უპასუხა:

"ჩვენთან რაიმე სიგნალი იმის შესახებ, რომ რაღაც ასეთი გადაუდებელი ღონისძიება იყო საჭირო და მოსახლეობის ევაკუაცია, არ შემოსულა... როცა საუბარია იმაზე, რომ ერთდროულად მოდის წყლის დიდი მასა, ასეთ შემთხვევაში და როცა პანიკური სიტუაცია იქმნება და როცა ყველა ერთდროულად რეკავს ერთი და იგივე ტელეფონზე, კოორდინაციის პრობლემა როგორც წესი დგება ხოლმე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 20 წუთის ინტერვალში წყლის დონემ მოიმატა 4 მეტრით და შეუძლებელი გახდა ადამიანების გამოსვლა სახლიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა", - თქვა ნარმანიამ.

ავტორის კითხვაზე, იყო თუ არა კოორდინაციის პრობლემა, ნარმანიამ ასევე უპასუხა:

"კოორდინაციის პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა. როგორც ქალაქის მერს, მქონდა ინფორმაცია, რომ წყლის მასამ ძალიან სწრაფად მოიმატა და სწორედ ამიტომ წავედი მე ყველაზე ცხელი წერტილისკენ. მეწყერი როგორც კი ჩამოწვა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როცა მეწყერი ჩამოწვა და 1400 მეტრის დონიდან არის წყლის ვარდნა, ასეთ შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება A წერტილიდან B წერტილზე მოვიდეს წყლის დიდი მასა. როგორ წარმოგიდგენიათ, გაქვთ საერთოდ წარმოდგენა ან გათვლა გაგიკეთებიათ ასეთ რამესთან დაკავშირებით, როცა კითხვას სვამთ, თუ უბრალოდ ვიღაცამ მოგიმზადათ ასეთი კითხვები, რომ დაგესვათ. კითხეთ სამაშველო სამსახურს, როდის მიიღეს შეტყობინება ამასთან დაკავშირებით და როგორი იყო რეაგირება. ჩემი ინფორმაციით, არცერთი მანქანა რეაგირების გარეშე არ ყოფილა და ყველა იყო გამოძახებაზე გასული", - აღნიშნა მერმა.

 

კომენტარები