სტიქია თბილისში

სტიქიით დაზარალებულებისათვის საბუთების აღდგენა უფასო იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის დღევანდელი ბრძანებით, 14 ივნისის სტიქიით დაზარალებული ყველა პირი უფასოდ აღადგენს ან უფასოდ აიღებს საბუთებს. დაზარალებულთა სია იუსტიციის სამინისტროს თბილისის მერიამ მიაწოდა.

დაზარალებულებს უფასოდ აღება/აღდგენა შეუძლიათ შემდეგ საბუთების:

ა) პირადობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ბ) ბიომეტრიული პასპორტი (აღდგენა);
გ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;
დ) ბინადრობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობა;
ვ) დაბადების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
ზ) ქორწინების/განქორწინების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
თ) გარდაცვალების მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს);
ი) ცნობა შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
კ) ცნობა სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
ლ) ცნობა მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს);
მ) საქართველოს მოქალაქეობის დადასტურება;
ნ) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობა;
ო) ფოტოსურათის საფასური;
პ) ატესტატის დუბლიკატი.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის იუსტიციის სახლი უქმე დღით არ სარგებლობს და ის დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გასაცემი სერვისების მიხედვით სტიქიით დაზარალებულ პირთა მომსახურებისთვის სპეციალური ადგილები გაიხსნა.

"ამ ადგილებში დაზარალებული პირები მიიღებენ დეტალურ კონსულტაციას ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო სამოქალაქო რეესტრის მიმართულებით ყველა ზემოჩამოთვლილ საბუთს უფასოდ აიღებენ ან აღადგენენ", - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მინისტრის ბრძანება 2015 წლის 1 სექტემბრამდეა ძალაში.

13-14 ივნისის ღამის სტიქიის შედეგად, თბილისში სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა. 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები