ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მეცამეტე დღეა მყარდება. გამყარება 30 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ ლარი დოლართან 6.18 თეთრით გამყარდა. უკვე დღეს ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.2494 ლარად არის შესაძლებელი. დღეს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.5 თეთრით გამყარდა, ერთი ევრო 2.5164 ლარი ღირს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის შეფასებით, ლარის გამყარების მიზეზს ტურისტული ნაკადის ზრდა წარმოადგენს. თუმცა თავად ტურისტული ნაკადის მოცულობა წინა წელთან 3%-ით არის შემცირებული.
გასულ კვირას ლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირების შესახებ გახდა ცნობილი. 2015 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციებმა 34%-ით იკლო. ინვესტიციების შემცირებასთან ერთად შემცირებულია: ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი.
ლარის გაუფასურება საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია. საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების საბალანსო დოკუმენტია. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებს წარმოადგენს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გრანტები და კრედიტები. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას კი იმპორტი და საგარეო ვალის მომსახურება იწვევს.
ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.





