ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ბაქრაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე: ჩვენ რევოლუციური ინიციატივები გვაქვს

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის შეფასებით, ენმ-ის ანტიკრიზისული პროგრამა რევოლუციურ ინიციატივებს მოიცავს. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც პროგრამით გაწერილ ნაბიჯებს არ გადადგამს, საბოლოო ჯამში, დამარცხებული აღმოჩნდება.

"დღეს ბევრი და სამართლიანად აკრიტიკებს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ეკონომიკურ ჩიხში და დღეს ოჯახების უმეტესობა ამ ქვეყანაში ცხოვრობს უარესად, ვიდრე ცხოვრობდა რამდენიმე წლის წინ. მაგრამ კრიტიკასთან ერთად, აუცილებელია გამოსავლის შეთავაზება საზოგადოებისთვის და ჩვენ ვართ ის ძალიან იშვიათი პოლიტიკური ძალა, რომელიც არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ სთავაზობს კონკრეტულ გამოსავალს - რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ გაგრძელდეს წინა წლების ეკონომიკური წინსვლა. ჩვენ გვაქვს ძალიან დეტალური გეგმა, დეტალური ეკონომიკური ინიციატივებით და მე ვიტყოდი, რევოლუციური ინიციატივებით, რომელშიც გათვალისწინებულია ყველაფერი - წინა წლების პოზიტიური გამოცდილება და ეკონომიკური ზრდა, რომელიც იყო. და გათვალისწინებულია წინა წლების პრობლემები და შეცდომები, რომლებსაც ასევე ჰქონდა ადგილი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი გეგმა, რომელშიც არის კონკრეტული ნაბიჯები - როგორ დავიცვათ და გავაძლიეროთ ბიზნესი. როგორ დავაბრუნოთ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და შედეგად, როგორ შევიტანოთ თითოეულ ოჯახში მეტი კეთილდღეობა, ეს არის გეგმა, რომლის მხარდაჭერის იმედიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებისგან. ხელისუფლება, რომელიც ასეთ გეგმაზე იტყვის უარს და ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამს, საბოლოო ჯამში, ყოველთვის აღმოჩნდება დამარცხებული. ჩვენ კი, საზოგადოებასთან ერთად, აუცილებლად დავაბრუნებთ ამ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ეკონომიკური კვლევის ცენტრებსა და ეკონომიკის ექსპერტებს ანტიკრიზისული გეგმა დღეს წარუდგინა. პროგრამა მიზნად საგადასახადო სისტემის მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას, ქვეყანაში ბიუროკრატიისა და არამიზნობრივი ხარჯების შემცირებას და, ამავდროულად, გაჭირვებულთა და სოფლად მცხოვრებთა მიზნობრივი დახმარების ზრდას ითვალისწინებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 36-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს მოგების გადასახადის გაუქმება და, ამავდროულად, საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე დაწევა წარმოადგენს. გეგმა ბიუჯეტის ხარჯების 1.4 მილიარდით შეკვეცასაც ითვალისწინებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმით, საქართველოს მთავრობა უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულად უფრო მცირე და ეფექტურ სისტემად, რომელიც ქვეყანაში სოციალურ უზრუნველყოფას დღევანდელთან შედარებით უფრო მიზნობრივსა და ეკონომიურს გახდის.

კომენტარები