მედიის თავისუფლება

ადეიშვილი: ის აზრი, რომ რაიმე ფაქტის არგაშუქება მთავრობისთვის კარგია, მცდარია

ჩნდებოდა ილუზია, რომ თუ რაიმე მოვლენა არ გაშუქდებოდა, ეს ხელისუფლებისთვის კარგი იქნებოდა - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

ადეიშვილის თქმით, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები როგორც ახალი, ასევე ძველი ხელისუფლების დროსაც არსებობდა. 

"ბუნებრივია, იმის თქმა, რომ წინა ხელისუფლების დროს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იყო, სწორი არ არის. ამას ხშირად მიგვითითებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. ამავე დროს, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ საქართველოში ოპოზიციური მედია არ არსებობდა. იყო ოპოზიციური მედია და ხშირ შემთხვევაში ძალიან ძლიერიც, მაგრამ მოდით, ვნახოთ, რა ხდება დღეს, შეიცვალა თუ არა ბევრი რამე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.

როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მედია უფრო თავისუფალია, ძალიან ძნელია ამ ფაქტის დაჯერება, იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორს შეთითხნილი ბრალდებით აკავებენ. როდესაც ხდება სარეკლამო ბაზრის ცალსახად გადანაწილება იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციურ მედიას შეუმცირდეს შემოსავალი, როდესაც ხდება პირდაპირი, ყოველგვარი კანონის დარღვევით დამაგრება ფარული მოსმენის აპარატების ოპოზიციურ და სატელევიზიო სივრცეში და ა.შ., ბუნებრივია, მე ვიტყოდი, რომ არაფერი არ შეცვლილა, თუ არ გაუარესდა დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ", - განაცხადა ადეიშვილმა.

ზურაბ ადეიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის ილუზია, თითქოს რაიმე ფაქტის არგაშუქება ხელისუფლებისთვის ნაკლები ზიანის მომტანია, ორივე ხელისუფლების მხრიდან არასწორია.

"აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მედიას გარკვეული პრობლემები აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ახალი დემოკრატიები. ხშირ შემთხვევაში არსებობს იმის ილუზია, რომ თუ რომელიმე მოვლენის, ფაქტის მედიაში გაშუქება არ მოხდება, ეს არის კარგი ხელისუფლებისათვის, შესაბამისად, ზიანი ხელისუფლებისათვის არის ნაკლები. ეს ნამდვილად ილუზიაა, იმიტომ, რომ შეუძლებელია რამის დამალვა, მითუმეტეს ძალიან პატარა ქვეყანაში, მითუმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელონ აბსოლუტურად იგივე ინფორმაცია. თუ ვინმეს აქვს ამის ილუზია ან ძველი, ან ახალი ხელისუფლების მხრიდან, ეს ნამდვილად არასწორია", - განაცხადა ადეიშვილმა.

კომენტარები