მედიის თავისუფლება

ვასმედია: კვირას დავბრუნდებით, არაკეთილმოსურნეებს გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა

ვასიკო ოდიშვილის გადაცემა "ვასმედია" ფეისბუქზე წერს, რომ გადაცემა ეთერში კვირას, 14 ოქტომბერს დაბრუნდება და არაკეთილმოსურნეებმა ნერვიულობა გააგეძელონ.

"ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ანონსის წინასწარ გავრცელების მიუხედავად, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არ გავიდა გადაცემა "ვასმედია", რომლის ავტორი და წამყვანი ვასიკო ოდიშვილია. ბოლო გადაცემაში ოდიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა. "ლიბერალი" წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, გადაცემა შეჩერდა და ამის მიზეზი სწორედ კობახიძეზე ხუმრობა გახდა.

"ვასმედიას" პროდიუსერი, გვანცა გორდეზიანი ტაბულასთან ამბობს, რომ გადაცემის გაშვება ფორმატის ცვლილების გამო ვერ შეძლეს.

ტაბულამ მას ჰკითხა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ "ვასმედია" შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის გამო დაიხურა. გვანცა გორდეზიანის თქმით, "მსგავსი არაფერი არ არის".

"არ შეწყდება, კვირას ჩვეულებრივ გავა გადაცემა. გუშინ რაღაც პრობლემა გვქონდა ტექნიკური, ფორმატის ცვლილება გვინდოდა ოდნავ, რაც არ გამოგვივიდა ტექნიკურად სამწუხაროდ და კვირას ჩვეულებრივად გავა გადაცემა", - ამბობს ის.

ტაბულამ გვანცა გორდეზიანს ასევე ჰკითხა, რატომ გახდა ფორმატის ცვლილება საჭირო იმ გადაცემაზე, რომელიც ახალი და კვირას მესამედ უნდა გასულიყო ეთერში პროდიუსერი ამ შეკითხვას ასე პასუხობს:

"ჩვენ თვითონ, გუნდში, შიგნით გაგვიჩნდა სურვილი, რომ კიდევ რაღაცები დაგვემატებინა, რის გამოც მერე გავიჭედეთ უბრალოდ ტექნიკურ ამბავში და ჩაგვივარდა გადაცემა. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები. კვირას ჩვეულებრივ დაელოდეთ გადაცემას", - ამბობს გვანცა გორდეზიანი.

აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ თავად პარლამენტის თავმჯდომარესაც ჰკითხეს. მან თქვა, რომ რომელიმე გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"არ მგონია რამე გადაცემა დახურულიყო, არ ვიცი. რანაირი ინფორმაცია არა მაქვს იმის თაობაზე, რომ რაიმე გადაცემა დაიხურა", - აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები