სააკაშვილი უკრაინაში

წულუკიანი: სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადიციის შანსი ამოწურულია

საქართველოს ხელსუფლებამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა უნდა დაიწყოს, ან თავად ყოფილმა პრეზიდენტმა იუსტიციის შესაბამის სტრუქტურებს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის უნდა მიმართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ მედიის საშუალებით და სხვადასხვა განცხადებებით შევიტყვეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ მისთვის საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა არის მთავარი, ეს მოქალაქეობა დატოვა და გუბერნატორის პოსტი ამჯობინა. სამართლებრივი პროცედურის მიხედვით უნდა გამოვითხოვოთ ავთენტური, პრეზიდენტ პოროშენკოს დამოწმებული აქტის ასლი, რომლის საფუძველზეც მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დაიწყება", - თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, ფორმალურად დღეს სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად უკვე მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

„ან არის მეორე ვარიანტი, რომ თავად მოგვმართოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით და წარმოადგინოს დოკუმენტები. ეს არ არის გრძელი პროცედურა. ყოველ შემთხვევაში მან, უკვე ყოფილმა მოქალაქემ არჩევანი გააკეთა. ახლა ფორმალობა უნდა გაფორმდეს – საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე გამოსცეს აქტი და წერტილი დაუსვას სააკაშვილის მოქალაქეობას", - განაცხადა მინისტრმა.

ამავე დროს, მისი თქმით, ამას აქვს მეორე მხარეც – უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ვერ იქნება ჩართული.

„სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას უკრძალავს. რაკი მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ჩვენთვის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები