სააკაშვილი უკრაინაში

ვოლსკი უკრაინაზე: ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ჩრდილია

ტაბულა

"ის, რომ რასაც გვინდა, გავაკეთებთ, მაინცდამაინც კარგი პასუხი არ არის", - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას და ამ თემაზე უკრაინული მხარის განცხადებებს ეხმაურება. 

"ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ჩრდილია და განცხადებები, რომლებიც კეთდება ჩვენი მხრიდან, არის აგებული და დამყარებული გარკვეულ სტანდარტზე, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია", - ამბობს ვოლსკი. 

ვოლსკის თქმითვე, მსოფლიოში არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი, მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს რაიმე თანამდებობაზე, თუნდაც მეოცეხარისხოვანზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებზე გამოიძახეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩის გამოძახებას "შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის შიდა პოლიტიკის ნაწილია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს მათ, რა თანამდებობაზე დანიშნავენ ან არ დანიშნავენ თავის მოქალაქეს.

კომენტარები