26 მაისი

რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

თავდაცვის სამინისტრო

რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ღონისძიებები საზეიმო მსვლელობით გაიხსნა. დაგეგმილია პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა. დღეს 200-მდე წვევამდელი ფიცს დადებს. ფიცის დადების ცერემონიალი ჩატარდება ქუთაისშიც. ორივე ღონისძიებას გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა უწყებების კუთხეებია მოწყობილი. სამინისტროები და სხვა საჯარო სტრუქტურები წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს აჯამებენ და დაგეგმილ პროგრამებს აცნობენ.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. მათ 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

დამოუკიდებლობის დღე სპეციალური მიმართვით მიულოცა მოსახლეობას ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმინისტრის თქმით, ყველა ვალდებულია, ქვეყნის დამოუკიდებლობას გაუფრთხილდეს. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გამთლიანდება.

დღის ბოლოს რუსთაველის გამზირზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რეგიონებშიც მიმდინარეობს. 

კომენტარები