რიგის სამიტი

პრემიერი: რიგის სამიტი საქართველოსთვის იყო ძალიან წარმატებული

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ რიგის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იყო. მისივე თქმით, პროცესი, რაც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება, წინა ხელისუფლებას უნდა დაეწყო.

"საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი და წარმატებული სამიტი იყო. რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა დანარჩენი წევრებისთვის შესაძლოა, ეს არ იყო წარმატებული სამიტი. ნახეთ ალბათ, რომ ბოლოს სხვა წევრი ქვეყნები არ იყვნენ კმაყოფილი მიღებული რეზოლუციით, მაგრმ ჩვენს შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა და დადასტურდა როგორც ჩემთან პირად საუბრებში, ასევე საჯაროდ, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს. ეს არის ცალსახა და ამას ყველა აღნიშნავს ერთხმად.

დღეს ორმხრივი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერთან, გუშინაც მქონდა საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან - ყველანი, პრაქტიკულად, სხვა ქვეყნებიც, აღნიშნავენ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს სულ რაღაც რამდენიმე თვეში. აქვე მინდა განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ პროცესი, რაც უკავშირდება უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, უნდა დაწყებულიყო ბევრად ადრე წინა ხელისუფლების დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, ხაზი გავუსვა ამას, რომ წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. მოლდოვამ დაიწყო 2010 წელს და მათ უკვე აქვთ დღეს უვიზო მიმოსვლა. ასე რომ, ჩვენმა ხელისუფლებამ მართლაც ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა, გვაქვს ცალსახა პროგრესი და მიმაჩნია, რომ დიახ, ეს იყო წარმატებული სამიტი ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორის და არსებული კონიუნქტურის, სიტუაციის გათვალისწინებით, რაც არის ევროპაში ახლა, იდეალური შეიძლება არ ყოფილიყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, მძიმე ვითარებაა უკრაინაში და ევროპის ლიდერებს მოუწიათ, ანგარიში გაეწიათ შექმნილი ვითარებისთვის, უკრაინა-რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინება გახდა შესაძლებელი და აუცილებელი. ასე რომ, მე მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე ის ტექნიკური პროცედურები დასრულდება. ყველამ გადმოგვცა მესიჯი, რომ პირველი იყო მოლდოვა, შემდეგი არის საქართველო. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შემდეგი არის საქართველო. ამაზე ღიად საუბარი ჯერ არ გვსურს. არ გვინდა, რომ მოლოდინები გავაჩინოთ მოსახლეობაში, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში", - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები