რიგის სამიტი

ფანჯიკიძე რიგის სამიტზე: ეს მთავრობის მარცხია

რიგის სამიტისგან მე მქონდა ძალიან მაღალი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი გამიცრუვდა. ახლა არაფრის მოლოდინი აღარ მაქვს. მე დღეს ვნახე ის შესწორებები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა, რომ ევროკავშირმა დეკლარაციაში შეიტანოს 4 მიმართულებით – ევროპული პერსპექტივა, ვიზები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ე.წ. ხელშეკრულებების არაღიარება და მისი დაგმობა. თუ ამ 4 საკითხიდან არცერთი არ მოხვდა დეკლარაციაში, ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ნიშნავს, რომ ამაზე ნამუშევარი არ იყო. რაც შეეხება ვიზას და ევროპულ პერსპექტივას, ჩვენ ძალიან ნათლად გვითხრეს, რომ შესასრულებელი გვაქვს კიდევ ბევრი რეფორმა და თუ კრიტერიუმებს არ დავაკმაყოფილებთ, არ იქნება უვიზო მიმოსვლა. გარდა ამისა, ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ თუკი ასოცირების შეთანხმებას ვერ გამოვიყენებთ და არ ვაჩვენებთ, რომ უკვე რაღაც წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით, შემდეგ ნაბიჯს, ანუ ევროპულ პერსპექტივას არ უნდა ველოდოთ. ერთიც და მეორეც - კრიტერიუმების არშესრულება და ასოცირების ხელშეკრულების არაჯეროვნად ამოქმედება არის საქართველოს მთავრობის მარცხი და ეს არის მიზეზი იმისა, რომ რიგაში პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მე მქონდა მოლოდინი, რომ საქართველო ტექნიკურ მხარეს 100 %-ით შეასრულებდა, რადგან ეს არ იყო ძნელი. მეგონა, რომ არ მივცემდით საბაბს ევროკავშირს, ტექნიკური მიზეზით გადაედო რაიმე სახის წინსვლის აღიარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების წევრი მაია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისა და საქართველოსა და ევროკაშირს შორის უვიზო რეჟიმის პერსპექტივების შესახებ.

კომენტარები