რიგის სამიტი

ხიდაშელი: ვიზალიბერალიზაციაზე პარტნიორებისგან კონკრეტიკას ველოდებით

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპელი პარტნიორებისგან „კონკრეტიკას ელოდება". ჟურნალისტებთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლისთვის მზად არ არის და კიდევ ბევრი აქვს გასაკეთბელი.

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებას, მაგრამ ყოველ ჯერზე, თუკი ასეთი განცხადებები გაკეთდება, ველოდებით კონკრეტიკას. ეს კონკრეტიკა არ არსებობს", - განაცხადა ხიდაშელმა.

იმის შესახებ, რომ საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმზე გადასვლა ჯერჯერობით შეუძლებელია და ამ ქვეყნებმა ამისთვის ყველა წინაპირობა უნდა შეასრულონ, გერმანის კანცლერმა ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ანგელა მერკელის თქმით, "ამ ქვეყნების ძალისხმევა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და მათ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი", ევროკომისია კი მათი პროგრესის შემდეგ შეფასებას მიდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.

თინა ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღების თაობაზე კონკრეტული ვადის მითითების შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიგაში იმყოფება, სადაც უამრავი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება და საუბარი ტექსტის საბოლოო ვერსიაზე. ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, ვინაიდან პრაქტიკულად არცერთი განსხვავებული მოსაზრება არ მოგვისმენია იმისგან, რომ საქართველოსთვის ეს 6 თვე იყო ძალიან წარმატებული. ხუმრობენ იმაზე, რომ რასაც მოლდოვამ 2 წელი მოანდომა, ჩვენ 6 თვეში დავასრულეთ. საუბარი მიმდინარეობს იმაზეც, რომ 2015 წლის ბოლო იქნება ის ეტაპი, როდესაც დამთავრდება ამ თემაზე საუბრები და ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს", - განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით, „დღეს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მხარე ითხოვს კონკრეტული თარიღის მითითებას, თუმცა დეკლარაციაში თვე და რიცხვი თუ არ იქნება მითითებული და ვადად 2015 წლის ბოლო განისაზღვრება, ვფიქრობ, ესეც უკვე საკმარისი მიღწევა იქნება. ჩვენ გვექნება კონკრეტული ვადა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღწევა აღარ იქნება რაღაც უსასრულობაში განფენილი მოლოდინი, რომ მას ოდესმე მოგვცემენ. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვუყურებ დეკლარაციაში ამ ვადის დაფიქსირების შესაძლებლობას".

კომენტარები