რიგის სამიტი

მარგველაშვილი ევროპელ ლიდერებს: რუსეთს ზეგავლენის საშუალება არ მისცეთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში რიგის სამიტის წინ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, საშუალება არ მისცენ რუსეთს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოება ჩაშალოს. მარგველაშვილის თქმით, თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხში პროგრესი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ მისაღებია აბსურდული ლოგიკა, თითქოს ქართველი ტურისტის ევროპაში თავისუფლად ჩასვლა რუსეთისთვის საფრთხეს შექმნის. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება ილუზიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე.

"ევროკავშირის წამყვანმა ლიდერებმა მომცეს მკაფიო გარანტიები იმისა, რომ არ არსებობს რუსული არაფორმალური ვეტო საქართველოს სურვილზე, გახდეს ევროპის ნაწილი. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით, დროებით ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგს, ის კონფრონტაციის მიმართულებით გადასწია. ჩვენ, ევროპელმა ლიდერებმა, დაპირისპირების ეს პარადიგმა უნდა გადავლახოთ", - აცხადებს მარგველაშვილი.

კიდევ ერთი ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ასოშეიტედ პრესს მისცა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, შეიარაღებული ძალები პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს და დასავლეთს მოუწოდა, რუსულ აგრესიას არ შეეგუოს.

კომენტარები