ლარის გაუფასურება

ქადაგიძე: გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ინფორმაციით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია. 

"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები არის ამოწურული და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობებს და არსებულ გაუფასურებას, სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. 

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოლოდინები და სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, მოლოდინები არის გადაჭარბებულად უარყოფითი, რაც მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ბაზრის ის მონაწილეები, ვისაც დოლარი აქვს გასაყიდი, თავს იკავებენ გაყიდვისგან, რადგან აქვთ მოლოდონი, რომ მოკლე ვადაში კურსს ექნება გაუფასურების მიმართულება. ეს მოლოდინი იწვევს კურსის, ერთი მხრივ, წონასწორულზე მაღალ წერტილზე ასვლას და შემდგომ ამას ყოველთვის მოჰყვება გამყარება და ჩვენ დეკემბერში გვქონდა ასეთი ნახტომი", - განაცხადა ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ მოლოდინებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის განცხადებები, რომელიც კეთდება ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხის ირგვლივ. 

კომენტარები