სამართალდამცველებმა 1968 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი მანიჟა ჭ. ძარცვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ქურდობისთვის დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, ე.წ. ლტოლვილების დასახლებაში მცხოვრებ სისონა გ-ს ოჯახს სოციალური აგენტის სახელით გაეცნო და მათი ნდობა მოიპოვა. შსს-ს ცნობით, "ბრალდებულმა მორიგი სტუმრობის დროს სისონა გ. და ოჯახის კიდევ ერთი წევრი მაკა დ. სამედიცინო მედიკამენტების გამოყენებით უმწეო მდგომარეობამდე მიყვანა. დანაშაულის კვალის დაფარვის და დაზარალებულების მოკვლის მიზნით ბრალდებულმა ბინაში გაზის ონკანი გახსნა, 3 330 ლარი გაიტაცა და მიიმალა. სისონა გ-ს და მაკა დ-ს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს. ამ დროისათვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება". სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში თბილისში დააკავეს, გატაცებული თანხის ეკვივალენტი ამერიკულ ვალუტაში კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიების მსვლელობის დროს სხვა დანაშაულიც გამოიკვეთა, რის გამოც დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა კიდევ ერთი დანაშაული მარნეულში 2014 წლის ნოემბერში ჩაიდინა. მანიჟა ჭ-მ მარნეულის ბაზარში ერთ-ერთი ჯიხურის მოვაჭრე ცოლ-ქმარს ვილაიატ და გულჩოხრა ნ-ებს პროდუქციის დიდი პარტიის შესყიდვის შესახებ საუბრისას ყავაში გაურკვეველი ფხვნილი ჩაუყარა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ამის შემდეგ დაახლოებით 2000 ლარის ღირებულების ოქროული და 6 000 ლარი მიითვისა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაკავებული ორივე დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ძალადობით ძარცვის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი ან მეტი პირის მიმართ სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით; 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





