ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან ერთი თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი ნახევარი თეთრით გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა - ლარი ბოლოს ასეთი გაუფასურებული 1999 წლის მარტში იყო. დოლართან მიმართებით ლარი დღეს 0.0091 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.3429 ლარი ეღირება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი ხვალ მომავალი აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე იმოქმედებს. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 00.36 თეთრით გამყარდა, რის გამოც ხვალ ერთი ევრო 2.6142 ლარი ეღირება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ლარის გამყარებისთვის გარკვეული წინაპირობა უკვე იქმნება. აპრილში საქართველოს იმპორტის მოცულობა შემცირდა, რის გამოც ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის მოცულობა შემცირდება.

საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისი ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებას უკავშირდება. უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. 

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 

კომენტარები