წამების კადრები

განათლების სამინისტრო: წამების კადრების ჩვენებაზე ფოთში გადაცდომა გამოვლინდა

განათლების სამინისტრომ ფოთში ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის 9 წელი" ჩვენების დროს ხარვეზები და გადაცდომა გამოავლინა. ამის გამო, ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა, სკოლის დირექტორებმა კი გაფრთხილება მიიღეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთ თვეში სამინისტრო ჩაატარებს მონიტორინგს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

"დამთავრდა მოკვლევა და აუდიტის დასკვნა უკვე ყველა საჯარო სკოლას გადაეგზავნა, სადაც დაფიქსირდა მსგავსი ხარვეზები. საბედნიეროდ, ზუგდიდსა და ხობში ბავშვები არ მოხვდნენ დარბაზში ამ კინოჩვენებაზე იმის გამო, რომ რესურსცენტრმა და სკოლის დირექტორებმა დროულად მოგვაწოდეს ინფორმაცია და ჩვენ გავეცით შესაბამისი რეკომენდაცია. ხარვეზები და გადაცდომა იყო ფოთში. დასკვნის მიხედვით, ფოთის რესურსცენტრს დაეკისრა დისციპლინური სახდელი. სკოლის დირექტორებმა მიიღეს გაფრთხილება და ერთ თვეში სამინისტრო მოახდენს მონიტორინგს, რათა გადავამოწმოთ, შესრულდა თუ არა რეკომენდაციები. ეს ასევე მოიცავს დისციპლინური კომიტეტების სხდომების ჩატარებას იმ პედაგოგების მიმართ, რომლებიც ჩართულები იყვნენ. ამის გარდა, გადაიგზავნა შესაბამისი წერილები თვითმმართველობებში, სადაც მოვუწოდეთ მათ, რომ გამოიკვლიონ, საიდან მიაწოდეს სკოლებს არასწორი ინფორმაცია, რომლითაც შეცდომაში შეიყვანეს სკოლის დირექტორები და პედაგოგები", - აცხადებს განათლების სამინისტრო.

გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა ორი თვის წინ რეგიონებში ნახეს. "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა, კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებდა, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობდა, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ ფილმების რეგიონებში ჩვენების ორგანიზატორი გია სალუქვაძე დღეს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერმინისტრმა უკვე გამოსცა. 

კომენტარები